2022 წლის ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, 10 თვის მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იზრდება და ნაცვლად 8.5%-სა და 10 %-ით განისაზღვრა.
მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სახელმწიფო უწყების დაფინანსება ჯამში 507 მლნ. ლარით იზრდება.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის განკარგვაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 330 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც ბუნებრივი აირის მომარაგების მიზნით, 230 მლნ. ლარი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ სესხის სახით გადაეცემა.
95 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებას დამატებით 70 მლნ. ლარი დაემატება. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, დამატებით 2.4 მლნ. ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოფა, რომელიც საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.