უკრაინული მხარის მიმართვის საფუძველზე აზერბაიჯანმა უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანში უკრაინის ელჩის და Azerenergy OJSC-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, გობუს ენერგეტიკული ცენტრის ტერიტორიიდან სატვირთო მანქანები 45 ტრანსფორმატორით და 50 გენერატორით გაიგზავნა.
ტვირთის საერთო წონა, დაახლოებით 52,2 ტონაა და მისი ღირებულება 840 000 აშშ დოლარს შეადგენს.
აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ჯამურმა ღირებულებამ უკვე თითქმის 18 მილიონი დოლარი შეადგინა. 90-მდე უკრაინელი ბავშვი, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ და ოჯახის წევრები დაკარგეს, აზერბაიჯანში სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ჩაიყვანეს.