კანადა გეგმავს, ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ ​​2027 წლის ივნისისთვის გახდეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 2027 წლის ივნისი განსაზღვრა საბოლოო ვადად იმისთვის, რომ კანადა ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ გახდეს.


„კანადა და ევროკავშირი მიზნად ისახავენ, 2027 წლის ივნისისთვის დაასრულონ მოლაპარაკებები ბლოკში კანადის შესაძლო „ასოცირებული წევრობის“ თაობაზე,“ — განაცხადა 30 ოქტომბერს კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მონრეალში გამართული ორმხრივი სამიტის შემდეგ.


სამიტის წინ, გერმანიამ ერთობლივი დეკლარაციის შესახებ მოლაპარაკებების დროს წინააღმდეგობა გაუწია ტერმინ „ასოცირებული წევრის“ გამოყენებას. საბოლოო ტექსტში მოხსენიებულია „უფრო მჭიდრო ასოცირება.“


„ასოცირებული წევრის კონცეფცია ჯერ კიდევ აუთვისებელი სფეროა, თუმცა ჩვენ გვაქვს ამბიცია, ნდობა და შემოქმედებითი მიდგომა, რათა ერთად ჩამოვაყალიბოთ ის. სრულიად გარკვევით რომ ვთქვათ: ეს არის პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის ჩვენი საერთო სიძლიერისთვის. ეს პარტნიორობის უმაღლესი ფორმაა,“ -  აღნიშნა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა.


კანადა შეუერთდება ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას და მასში თავდაპირველად 500 მილიონი ევროთი მიიღებს მონაწილეობას. 


ასევე დაიწყო მუშაობა კანადის ჩართვაზე ევროკავშირის ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა პროგრამა Erasmus-ი და სატელიტური პროგრამა Galileo, რომელიც ამერიკული გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ალტერნატივას წარმოადგენს.


ცნობისთვის, ევროკავშირი-კანადის 21-ე სამიტზე ლიდერებმა „ალიანსი მომავლისთვის“ ინიციატივა წამოიწყეს, რაც მათ მრავალწლიან პარტნიორობაში მნიშვნელოვანი ეტაპად აღიარეს.

ალიანსი თანამშრომლობას ექვს სფეროში გააძლიერებს:


  • ვაჭრობა და მარეგულირებლების თანამშრომლობა
  • ციფრული, კვლევითი და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • კრიტიკული რესურსები და ენერგეტიკა
  • ფინანსური მომსახურება და ბაზრები
  • უსაფრთხოება და მზადყოფნა
  • ხალხთაშორისი კავშირები