ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერის საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მრავალთვიანი გაურკვევლობისა და დუმილის შემდეგ, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა რუსეთის დამანგრეველი სისასტიკისა და ირანთან მისი ახალი ალიანსის ფონზე, ფარულად წამოიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა კიევის თავდაცვის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის მიზნით.
ოფიციალური იერუსალიმი ამას საჯაროდ არ ადასტურებს. უკრაინაში ისრაელის ელჩის, მაიკლ ბროდსკის თქმით, უკრაინა საკმაოდ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს ისრაელის საზოგადოებაში.
ბროდსკის თქმით, ისრაელში ბევრი ადამიანი დიდ ძალისხმევას სწევს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამხედრო მხარდაჭერას, სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, რადგან ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„უფრო მეტიც, კიევის მხარდაჭერა, ისრაელში საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა გაეროს რამდენიმე რეზოლუციას, რომელიც პალესტინის ავტონომიასთან დავის გამო, ისრაელს გმობს.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მრავალი ათწლეულის განმავლობაში, უკრაინა აღიარებს პალესტინის ავტონომიას დამოუკიდებელ ერად და აქვს მასთან დიპლომატიური კავშირები“, - წერს უკრაინული მედია.