2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი.
ამასთან, ცვლილებებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება, ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს.
ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება.
2024 წლიდან კი, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება.