მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც გასულ კვირას ეწვია შეერთებულ შტატებს, განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც იგერიებს რუსეთის აგრესიას, ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებას, თუმცა მისი ქვეყნისთვის საფრთხე კვლავ რჩება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა დღეს იცავს საკუთარ თავისუფლებას, მაგრამ ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებას.
„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მამაცი უკრაინელების, მაგრამ რისკები კვლავ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს უკრაინის წყალობით, ჩვენ ჰიბრიდული ომის წინაშე ვართ. არის რუსეთის მხრიდან მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები“, - განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ომის კომპონენტებია რუსული პროპაგანდა, ასევე ენერგორესურსების იარაღად გამოყენება. მისი თქმით, გაზპრომმა მოლდოვას გაზის მიწოდება 60%-ით შეამცირა, მიუხედავად მოქმედი კონტრაქტისა და მასში გათვალისწინებული მაღალი ფასისა, რომელსაც კიშინიოვი იხდის.
მან მიუთითა ის ფაქტი, რომ მოლდოვაში გარკვეული კორუმპირებული ჯგუფები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად აწყობენ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით.
სანდუ გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. მან დემოკრატიის ხელშესაწყობად დაუღალავი ძალისხმევისთვის მადლენ ოლბრაიტის ჯილდო მიიღო.