საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.
„სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტი კომპანიების შერჩევა დაავალა, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს სახელმწიფოსთან ერთად დაამუშავებდნენ, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა პოტენციურ ინვესტორებთან - ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად იყვნენ ჩართულნი.
ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორ მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება დასრულდება. ასე რომ, იმედი გვაქვს მომავალი წლის იანვარში შერჩევის პროცესს განვახორციელებთ, ისე რომ 2023 წლიდან ჩვენ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დავიწყოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.
2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.
2021 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
ასევე წაიკითხეთ
ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა