ნონა მამულაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

ნონა მამულაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

ის არჩევნებში გიორგი ხვედელიანთან ერთად ერთვება, რომელიც პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატი იქნება. 

„ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის. თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია! სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად.

ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი. დავდგეთ ერთად ცვლილებებისთვის!“ - წერს მამულაშვილი სოციალურ ქსელში.