Forbes: უკრაინის ჯარები შესაძლოა, მეოთხე კონტრშეტევისთვის ემზადებიან

Forbes-ი ვარაუდობს, რომ უკრაინის ჯარები შესაძლოა, მეოთხე კონტრშეტევისთვის ემზადებიან. როგორც გამოცემა წერს, რუსული და უკრაინული ძალები ახლახან ჩაერთნენ საარტილერიო ბრძოლაში ჰულიაიპოლისა და პოლოჰის გარშემო, სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრძოლები იშვიათი არ არის, 9 დეკემბრის „საარტილერიო დუელი“ დაფიქსირდა უკრაინის არმიის მიერ, რომელიც ჰულიაიპოლის გარშემო აგროვებდა მექანიზებულ ძალებს.

„თუ ასეა, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ უკრაინის მეოთხე კონტრშეტევა შესაძლოა, გარდაუვალი იყოს, მიუხედავად ზამთრის დადგომისა", - წერს Forbes.

მისივე თანახმად, კონტრშეტევა მიზნად ისახავს სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილის გათავისუფლებას და უკრაინის ჯარების მიყვანას მიწის ვიწრო ტერიტორიამდე, ეს ნაწილი აკავშირებს უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც რუსულმა ძალებმა 2014 წელს დაიკავეს.