პრეზიდენტი: სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდნენ სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.

„სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდნენ სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.