მარკეტა გრეგორევა: ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად

ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც - ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია. არ არსებობს ადგილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისთვის. ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა, მე ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად“, – განაცხადა გრეგორევამ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.