პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.
გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.
„მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.
„როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.