დღეს პიკის საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, 2017 წელს თბილისში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა 31%-ს, დღეს ეს 48%-ს შეადგენს.
"საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 8-9%. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში ჩვენ მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში 5, ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის მხოლოდ 8%. განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანები იყენებენ ეკომეგობრულ ტრანსპორტს, რაც ძალიან კარგია.
საქართველოში აღნიშნული მონაცემები უტოლდება 92%-ს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
თბილისში, 2012 წელს გადაადგილდებოდა 250 ათასი კერძო ავტომობილი, 2017 წელს ეს რიცხვი 380 ათასამდე გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, სტატისტიკას ვაკეთებთ და დღეს, პიკი საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია. ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი მზარდია.
თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდე უფრო ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება", - განაცხადა კალაძემ.