ერდოღანი: თურქეთი ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

თურქეთი ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. „მარცვლეულის შეთანხმებასა და ტყვეთა გაცვლასთან ერთად, ჩვენ მოწმენი ვიყავით, რომ მშვიდობის გზა შეიძლება, გაიხსნას, თუ დიპლომატიას მიეცემა შესაძლებლობა“, - განაცხადა ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის სამმხრივ სამიტზე და ახსენა თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებები.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. იმედია, ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ ჩვენს რეგიონში. სამართლიანი მშვიდობა შეიძლება, დამყარდეს მხოლოდ დიალოგის გზით. პირველივე დღიდან ჩვენ გულწრფელი ძალისხმევა გამოვიყენეთ ორმხრივ და სხვა დონეზე, რათა შეჩერებულიყო სისხლისღვრა“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მათ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილეს, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ სამეულმა უნდა დაიწყოს მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით.

„ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.