82 ხმით მიიღო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცვლილება გადასახადის შეღავათების გადავადებას ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, შეღავათები 3 წლის ვადით გაგრძელდება.
„საგადასახადო შეღავათები 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და მოგების და ქონების გადასახადში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის, არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე; იმავე ვადით გადაიწევს ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და სხვა საგადასახადო შეღავათები,“ - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.