აშშ-მა 8 ბელარუს მაღალჩინოსანს, მათ შორის შს მინისტრს, სანქციები დაუწესა

აშშ-მა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს და 7 სხვა მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

"ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დგას მტკიცედ იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხში, რომლებიც მრავალი წელია ბელარუსის დემოკრატიას უთხრიან ძირს", - განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით გრძელდება. 20 სექტემბერს მრავალათასიანი მსვლელობები მისნკში, გროდნოში, გომელში, ბრესტსა და მოგილევში გაიმართა. სამართალდამცველებმა 230-მდე აქციის მონაწილე დააკავეს.

ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო.