საქართველოსა და აზერბაიჯანსა შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული „სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას“.
„დიდი პატივია ჩემთვის ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და გამოცდილია ბოლო წლების განმავლობაში. ასევე საუკუნეების განმავლობაში გვაქვს ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები.
მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს, რაც იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენ შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა.
მქონდა პატივი, რომ შარშან მიმეღო მონაწილეობა ბაქოში აღნიშნული კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში. წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, რაც ჩვენი საერთო მიზანი და სურვილია, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.