საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ამასთან, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას.

„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა პრემიერმა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.