15 დეკემბერს, 2022-2024 წლების გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად გახსნა ახალი სათაო ოფისი თბილისში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ დოქტორ ტიბორ კოზმას, გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრიესის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას მონაწილეობით ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. შენობის შესასვლელთან, მათ ერთად გახსნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახელწოდების შემცველი აბრა.
14 წლის შემდეგ, მისიის სათაო ოფისი კრწანისიდან გადავიდა ახალ შენობაში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64ა ნომერში, სადაც ასევე მდებარეობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
„ახალ შენობაში გადასვლა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან ერთად აჩვენებს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დამკვირვებლები განაგრძობენ დღისით და ღამით პატრულირებას, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების დასახმარებლად“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დოქტორმა ტიბორ კოზმამ.
„მოხარული ვარ, ოფიციალურად გავხსნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისი რომელიც ახლა მდებარეობს იმავე შენობაში სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე ძალიან კარგ თანამშრომლობას მისიასა და წარმომადგენლობას შორის და წარმოაჩენს ევროკავშირის მზარდ ინტეგრირებულ მიდგომას“, - აღნიშნა თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში შარლ ფრიესმა.