ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები.

მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.