იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექიმები რეკომენდაციას გასცემენ მიხეილ სააკაშვილის გაწერაზე, მას მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა, რითაც უმრავლესობის დეპუტატს, "ხალხის ძალის" წევრს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას კითხვას უპასუხა. წერს „რადიო თავისუფლება“
„როგორც მოგეხსენებათ, ის ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. როგორც, მაგალითად ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, დაბრუნდა #12 დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, ვიმოქმედებთ შესაბამისად", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინტერესდა, როდის დააბრუნებენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„საზოგადოებაში არის აღქმა და ზედაპირული ანალიზით ასე ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გეგმავთ და როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?" - იკითხა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ.
რატი ბრეგაძეს საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.