რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით პოზიციებს ამაგრებენ

რუსეთის ჯარები კახოვკიდან და ნოვა კახოვკიდან ძალების ნაწილს ზაპოროჟიეს საზღვრებთან უფრო ახლოს აგროვებენ. ამის შესახებ უკრაინული არხის 24-ის ეთერში ხერსონის საოლქო საბჭოს წევრმა სერჰი ხლანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გადანაწილება, მტერი ტოვებს სადამკვირვებლო პუნქტებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალები სრულად დატოვებენ კახოვკას და ნოვა კახოვკას. 

„მათ სურთ, გააძლიერონ ზაპოროჟიეს მიმართულება. განიხილავენ ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლო შეტევას ზაპოროჟიედან, ამიტომ ოკუპანტებს იქ გადაჰყავთ თავიანთი ძირითადი ძალები, აძლიერებენ საგუშაგოებს. რუსული ჯარების რაოდენობა ნოვა კახოვკასა და კახოვკაში შემცირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მათ მთლიანად დატოვეს ქალაქი“, - განაცხადა ხლანმა.