ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო მოხელის ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

„საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის. მათი წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით. ამ მიღწევათა გასაგრძელებლად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაძლიერებლად აუცილებელია რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, რესურსებისა და პოტენციალის შეფასება და ანალიზი, მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამ პროცესებში საჯარო მოხელეებს საკვანძო როლი აკისრიათ.

საქართველოს მთავრობა კვლავაც აგრძელებს საჯარო მმართველობისა და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - საჯარო სამსახურის რეფორმას, რაც გულისხმობს ევროპული პრინციპების დამკვიდრებას და ინსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფას. მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს და შემდგომ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ საჯარო მოხელეს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.