აშშ-ის შეფასებით, გაერო ირანულ დრონებზე გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის ზეწოლას ემორჩილება

აშშ-ის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის მუქარას და არ გაგზავნა უკრაინაში ოფიციალური პირები რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების შესამოწმებლად, რომლებსაც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთს ირანი აწვდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოთქვა წუხილი, რომ „გაერომ არ გადადგა ნაბიჯი ამ დარღვევის გამოძიების ჩასატარებლად“.

„იმედგაცრუებული ვართ, რომ სამდივნო, როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის მუქარებს, არ განახორციელა საგამოძიებო მანდატი, რომელიც ამ საბჭომ მას მიანიჭა”, - განაცხადა ელჩის  მოადგილემ.


თავის მხრივ, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პესიმისტურად არის განწყობილი, რომ კონფლიქტის დასრულება მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

„მიმაჩნია, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მოგვიწევს მოცდა, ვიდრე სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი მოლაპარაკებები შესაძლებლად არ მიმაჩნია“, - განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობა 2023 წელს მიიღწევა.