სალომე ზურაბიშვილი: ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ეროვნულ გვარდიას აკისრია

„ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების ორგანული ნაწილია, მას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, რამეთუ ეროვნულ გვარდიას ევალება, შეიარაღებული ძალების რეზერვების მომზადება, გადამზადება და სამობილიზაციო რესურსის მართვა, რაც ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ორბელიანების სასახლეში, სადაც ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მეუღლეებთან ერთად, წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

„1920 წლის 20 დეკემბერს, ანუ 102 წელის წინ, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეროვნული გვარდია. 

ასევე, უნდა გავიხსენოთ ის, რომ 12 დეკემბერს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდია. ღირსშესანიშნავია, რომ 1918 წლიდან გვარდიამ მონაწილეობა მიიღო ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში, ყველა ომში და ამისთვის ჩვენ მათ მიმართ მართლაც დიდი მადლიერება გვევალება.  

იმასაც გავიხსენებ, რომ თუკი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში არსებობდა გარკვეული დაძაბულობა ორ, პარალელურ სამხედრო ფორმირებას - გვარდიასა და ჯარს შორის, დღეს ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რამეთუ დღეს, ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების ორგანული ნაწილია, მას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, რამეთუ ეროვნულ გვარდიას ევალება, შეიარაღებული ძალების რეზერვების მომზადება, გადამზადება და სამობილიზაციო რესურსის მართვა, რაც ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს.. ღმერთმა არ ქნას... მას ასევე ევალება საგანგებო სიტუაციების, სამოქალაქო ოპერაციების მხარდაჭერა და ეს ყველა ქვეყნისთვის დღევანდელ პირობებში უფრო და უფრო დიდი გამოწვევა და ამდენად, მისი უფრო და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. 

ეროვნულ გვარდიას და ჩვენს თავდაცვის ძალებს ვუსურვებ დიდ წარმატებას, დღევანდელ დღეს ვულოცავ გვარდიას და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველა თაობისა და წოდების გვარდიელს მადლობას მოვახსენებ სამსახურისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.