ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ტრაგედია, მაგრამ ეს არ არის რუსეთის პოლიტიკის შედეგი, არამედ მესამე ქვეყნების შედეგი, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა ე.წ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ სტრატეგიულ მტრებს ეს არ სურდათ და საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ რუსეთის დაშლას.
უკრაინაში შექმნილი ვითარება იმის შედეგია, რომ მოსკოვის გეოპოლიტიკურმა მეტოქეებმა გადაწყვიტეს ტვინის გამორეცხვა (როგორც პუტინმა თქვა) პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის და უკრაინისთვის პირველ რიგში.
„არაფერია ჩვენთვის დასაბრალებელი. ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით უკრაინელებს, როგორც მოძმე ხალხს და ახლაც ასე ვფიქრობ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლა რუსეთს NATO-ს მთელი ბლოკი ეწინააღმდეგება.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს NATO-ს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები რუსეთისთვის გაბედულად და მტკიცედ, თავდაჯერებულად იბრძვიან და ნაბიჯ-ნაბიჯ წყვეტენ დასახულ ამოცანებს“, – განაცხადა პუტინმა.
მან სამხედრო ელიტას მოუწოდა გააანალიზონ NATO-ს გამოცდილება, ტაქტიკა და გამოიყენონ არმიის საბრძოლო შესაძლებლობებისა და სპეცსამსახურების ეფექტურობის ასამაღლებლად.
პუტინმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ე.წ. სპეცოპერაციის ამოცანები შესრულდება.