ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ.

მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.

შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, „წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლის განცხადებით, „თუ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, გათიშავდნენ".