The Jerusalem Post: ისრაელმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ჩამოაყალიბა

ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების შესახებ, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის მიერ დადგენილ ვადამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაცხადა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

„გასულ არჩევნებში მიღებული უზარმაზარი საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით, მე შევძელი შემექმნა მთავრობა, რომელიც იმუშავებს ისრაელის ყველა მოქალაქის სასარგებლოდ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ ტვიტერზე.

გაზეთის ცნობით, ახალ მთავრობაში შედიან ისეთი პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლები, როგორებიცაა „ლიკუდი“, „რელიგიური სიონიზმი“, „შასი“, „იაჰადუტ ჰა-ტორა“, „ოცმა იეჰუდიტი“ და „ნოამი“.

„ამრიგად, ახალი მთავრობა, იქნება ყველაზე მემარჯვენე ისრაელის ისტორიაში“,- აღნიშნავს BBC.

ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას ისრაელის პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპები გახდება ცნობილი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დასახელდება.

ამის შემდეგ უნდა მოხდეს კენჭისყრა და თუ პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ის ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას.

„ლიკუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წელს დატოვა.

2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ნეთანიაჰუმ გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინა მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ.

მომავალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობა 11 დეკემბრისთვის უნდა ჩამოეყალიბებინა, თუმცა, როდესაც მან ეს ვადა ვერ დაიცვა, ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მას კიდევ ათი დღე მისცა.

ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანდიდატი ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას დადგენილ ვადაში, პრეზიდენტს შეუძლია ეს დავალება სხვა კანდიდატს მიანდოს.