„ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს აკეთებს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიას, იორდანიიდან დაბრუნებისას განუცხადა, როდესაც ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტზე ჰკითხეს.
„ევროპა ასევე ბევრს აკეთებს და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ“, - განაცხადა მაკრონმა lemonde-ს ცნობით.
ფრანგული მედია ასევე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი უკრაინელი კოლეგის „ათპუნქტიანი გეგმაც“ შეაქო.
ამასთან, მაკრონმა აღიარა, რომ დიპლომატიის დრო ჯერ არ მოსულა.
„ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთის ძალები მზად იყვნენ ცეცხლის შეწყვეტისთვის და მშვიდობისთვის, დაინახეს, რომ ასე არ არის. რასაც რუსეთი თავიდანვე ითხოვდა, არის დანებება და არა მშვიდობა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
lemonde წერს, რომ მაკრონი ცდილობს, როგორღაც დააბალანსოს ბოლოდროინდელი უკმაყოფილება, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
„ეს არ არის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც საბოლოო ეტაპზე იქნება. დღეს პრიორიტეტია უკრაინის დაცვა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პირველი დღიდან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„უკრაინის NATO-ში შესვლა, რუსეთის მხრიდან კონფრონტაციულ ნაბიჯად ჩაითვლება“... „შეუერთდება თუ არა უკრაინა NATO-ს - ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი - მას უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიები უნდა მიეცეს, რადგან მას რუსეთი დაესხა თავს", - აღნიშნა მაკრონმა.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“.
„ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას თავი. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და შესაძლებლობების ავტონომია შეერთებული შტატებისგან და შექმნას რეალური ევროპული საყრდენი NATO-ს ფარგლებში. „ეს არ არის ალტერნატიული პროექტი", - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს ისე, როგორც NATO-ს ალტერნატივას, ვერ ხედავს.
მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით.