რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება ისრაელის მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ მიულოცა. შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მხარეებმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს და როგორც ისრაელის მედია იუწყება, ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა მალე დასრულდება.
„არსებობს ორმხრივი რწმენა, რომ რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები პროგრესულად განვითარდება და კონტაქტები სხვადასხვა დონეზე გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზარის შემდეგ.
„ზოგიერთი მოელის, რომ ნეთანიაჰუ შეეცდება, შუამავლის როლი შეასრულოს კიევსა და მოსკოვს შორის - როლი, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ვერ შეასრულა“, - წერს თავის მხრივ, ისრაელის მედია.
ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, მან და პუტინმა ასევე ისაუბრეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ნეთანიაჰუმ კი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მტკიცედ მოწოდებულია, აღკვეთოს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება და შეაჩეროს მისი ძალების გამაგრება ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე სირიაში, სადაც მოსკოვს დიდი გავლენა და სამხედრო წარმომადგენლობა გააჩნია.
„ისრაელმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება და ზოგიერთი არალეტალური აღჭურვილობა მიაწოდა, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები მას საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებისკენ მოუწოდენ. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისრაელის სტრატეგიული მიზანია, შეინარჩუნოს ოპერაციების თავისუფლება სირიაში, როგორც მისი მცდელობის ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს ირანის გაძლიერება. ამ მიზნით, ისრაელი რუს სამხედროებთან თანამშრომლობს, რომლებიც დიდწილად სირიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - წერს The Times of Israel-ი.