ჩვენ გაცილებით წინ ვართ რეფორმების თვალსაზრისით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ კარგად გვესმის, რომ სტატუსზე მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ დადებითი მოვლენით – ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, ბუნებრივია, ჩვენი, ყველას მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რამე ვთქვა დამაკნინებელი, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით, იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით, უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით. მაგრამ გასაგებია, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რადგან ომში იმყოფება, ხოლო მოლდოვა ასევე ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს.
„ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვას, უკრაინას. კიდევ გავიმეორებ, გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა. ბუნებრივია, ჩვენ მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც განისაღვრა 12 პრიორიტეტი, პრაქტიკულად იმავე დღეს ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები.
სამწუხაროდ, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროცესში სრულყოფილად არ იყვნენ ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მათმა გარკვეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს ბოლოს მონაწილეობა. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც ძალიან შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპრირებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.