თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საერთოდ არ აინტერესებს, საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას აპირებს, თუ არა.
„2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ანგარიშის წარსადგენად საკრებულოში მისვლას აპირებს.