ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“

ლაჩინის დერეფნის კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრის დროს.


ფაშინიანის თქმით, უკვე ოცი დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა.

მისივე თქმით, სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ კი ლაჩინის დერეფანში მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების გარანტია გასცა.

„გამოდის, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ. და, რა თქმა უნდა, გვსურს, განვიხილოთ ეს სიტუაცია და რა ვარიანტები არსებობს მის მოსაგვარებლად", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.