მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის, ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად, გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„დღევანდელი ანგარიში, ასევე, მინდა დავიწყო იმის შეხსენებით, რომ ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები, მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როცა წლევანდელ საახალწლო სლოგანს - „მშვიდობის ქალაქი“, არაერთი სპეკულაცია მოჰყვა.
ეს გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის, ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს.
უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს. თუმცა თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხსა და ვიწროპარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“,- განაცხადა კალაძემ.