ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.
სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.
China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, კოვიდ-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.