დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებული ყველა შადრევნის უსაფრთხოება შემოწმდება და ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისას მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
„მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებული, დაახლოებით, 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, უკვე დასრულდება და მოხდება პროექტებში ყველა იმ ცვლილების გათვალისწინება, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზა შემოგვთავაზებს. ამას გარდა, პარალელურად მიმდინარეობს თბილისში არსებული შადრევნების ელექტრული ქსელის უსაფრთხოების ნაწილში შესწავლა, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისთანავე ამ შადრევნების ექსპლუატაციაში გაშვება“, - განაცხადა ხმალაძემ.
„გულდასაწყვეტია, როცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს მშენებლობებზე. წარმოიდგინეთ, 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი პროექტი განხორციელდა დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქუჩებში, უბნებში, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არათუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაო პროცესშიც, იმ ადამიანებს, ვინც სამუშაოებს ახორციელებს. ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა და ა.შ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დავალებით მოხდება ყველა იმ ობიექტის შემოწმება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „მშენ-ექსპერტის“ მიერ იქნა ექსპერტიზა ჩატარებული, ასევე, იმ პროექტებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა, პროექტის სახით მერიაში დევს და ექსპერტიზის დასკვნა „მშენ-ექსპერტის“ მიერაა გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.