საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და განუცხადა, რომ მის შესახებ ჭორებს ავრცელებენ და „მესიჯბოქსებს“ ქმნიან.
„აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ, როცა მე ქუჩაში ვიდექი.
მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც დღეს მესიჯ ბოქსებს ავრცელებენ, ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობაზე, ან „ქართუ ბანკში“. თურმე იციან, მე რას, როდის და რატომ გავაკეთებ. ვინ შეიწყალა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით?!“, - განუცხადა ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.
კითხვას, აპირებს თუ არა ის სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თორნიკე მოლაშვილისა და ია მეტრეველის ორგანიზებით გაიმართა. ისინი ითხოვენ, პრეზიდენტმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 000-მდე ქალის მიმართვა გადასცეს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს მოქალაქეების სახელით, ხელმომწერი ქალები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასაც სთხოვენ.
ხელმომწერთა შორის არიან ნინო კასრაძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა ჩიჩუა, ელენე ხოშტარია, ჯანა ჯავახიშვილი, ნინო სუხიშვილი, ვერა ქობალია, ეკა ბესელია, ნინო დანელია, რუსუდან გოცირიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ქათამაძე და სხვები.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ბრიფინგი 17:00 საათისთვის დაინიშნა.
29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.