იტალია მზადაა, იმოქმედოს როგორც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გარანტმა. ამასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს 2023 წლის თებერვალში გეგმავს.
ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იტალია მზადაა, გახდეს უკრაინის სამშვიდობო პროცესის გარანტი. ამიტომაც ვგეგმავ კიევში ჩასვლას თებერვლის ბოლომდე. რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან 24 თებერვალს გადის ერთი წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. რაც, ჩემი აზრით, შესაძლოა, გარკვეული ინიციატივების მიზეზი გახდეს“, - განაცხადა მელონიმ.
მისი თქმით, საჭიროა ძალისხმევა, რომ მივიღოთ სიგნალები ორივე მხრიდან, მაგრამ „დიდი სიგნალები რუსეთიდან არ არსებობს".
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „აცნობიერებს უზარმაზარ შეცდომას“, რომელსაც უშვებს, მანამდე კი იტალია დაიცავს უკრაინას. „ჩვენ დავიცავთ უკრაინის საერთაშორისო უფლებებს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, - შეაჯამა მელონიმ.