ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა დანარჩენ საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ის რუსულ gazeta.ru-სთან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის, განახორციელოს ინვესტიცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში.
„ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო - ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში. ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“ , - განაცხადა სერგეი შამბამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელია პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდეს.