დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ ექნებათ

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება, - ამის შესახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც 2023 წლის 2 იანვრის კვირას ეხება, ძალაში რჩება.

პარლამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 3 ოქტომბრიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე 228 ნებართვა გაიცა.

„2022 წლის 27 დეკემბერის წერილით, იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით აცნობა და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ყოფილიყო.

პატიმრობის კოდექსი აწესებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ.), რომელთაც აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება პარლამენტის რომელიმე წევრს ერთჯერადად მიანიჭოს.

2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე 228 ნებართვა გაიცა, რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს - პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას - და გამოიყენება, უშუალოდ პატიმართან, პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ საჯაროდ მიუთითა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს, უპირველეს ყოვლისა, მისი ადვოკატები აწარმოებენ, რომლებმაც დღემდე სააკაშვილთან 533 ვიზიტი განახორციელეს. გარდა ამისა, აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც პატიმრობის კოდექსის თანახმად ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაბრკოლების გარეშე, მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი. სააკაშვილის მიმართ, ამ უფლებით მათ უკვე 57-ჯერ ისარგებლეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც 2023 წლის 2 იანვრის კვირას ეხება, ძალაში რჩება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.