ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შიდა და გარე ფაქტორებს უკავშირდება
ამ კუთხით, საინტერესოა შუა დერეფანი, რომლის მიმართაც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ინტერესი გაიზარდა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველადაა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს მიყოლებით. ეს არ იყო მარტივი მისაღწევი. განსაკუთრებით ომიდან გამომდინარე, გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან დიდი იყო, თუმცა რა შესაძლებლობებიც გაჩნდა, სახელმწიფომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოახერხა.
ჩვენი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე გარე ძლიერი მოთხოვნით და ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტორების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ხელთ გვქონდა. პირველ რიგში, შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება. ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა სექტორს როცა ვუყურებთ, ერთ-ერთი განმაპირობებელია სატრანსპორტო დასაწყობების მომსახურება, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდა.
ასევე, ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა მოვახერხეთ. იცით, რომ ამ მიმართულებით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ჩვენ 2019 წლის მონაცემებსაც გადავასწარით. ქვეყანამ 3.2. მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს განპირობებულია იმით, რომ სამინისტროს პოლიტიკა გვაქვს სრულად ადეკვატური. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული ტურისტული ბაზრები, მათ შორის ტრადიციული ბაზრები, ისეთი, როგორიცაა უახლოესი მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა მოვახერხეთ, იგივე სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების შექმნა, რამაც თანხაში საშუალება მოგვცა, რომ 2019 წელთან მიმართებით ტურისტული სექტორი სრულად აღგვედგინა.
ასევე, გაზრდილია ექსპორტი და ექსპორტის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 31%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს ექსპორტი და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა აღინიშნოს - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფიქსირდება და ესეც რეკორდულად მაღალია, გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.