უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

უკრაინელი მილიარდერი კონსტანტინ ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის ბორდს ტოვებს.

ჟევაგო Ferrexpo-ს აქციების 51%-ს ფლობს.

„საბჭოს ეცნობა, რომ ჟევაგო მზად არის, დაუყოვნებლივ გადადგეს Ferrexpo plc-ის გამგეობიდან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Ferrexpo არის კომპანია, რომელიც რკინის მადნის მარცვლებს აწარმოებს. მისი ოპერაციები რკინის მადნის მოპოვებას, რკინის მადნის კონცენტრატის და მარცვლების წარმოებასა და გაყიდვას მოიცავს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ჟევაგო სათხილამურო კურორტ კურშეველზე უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით 27 დეკემბერს დააკავა.

ჟევაგო უკრაინაში გაფლანგვის საქმეზე იძებნება. 2019 წელს გაქცეულ ბიზნესმენს Finance & Credit Bank-დან 113 მილიონი დოლარის მითვისებაში ბრალი წაუყენეს. 2021 წელს ჟევაგო ინტერპოლის ძებნილთა სიაში მოხვდა.

Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფერექსპო მისი მთავარი აქტივია. ჟევაგო უკრაინის პარლამენტის წევრი იყო 1998 წლიდან 2019 წლამდე.