აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ სომხური მხარე აზერბაიჯანის მიწას დატოვებს.
სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სანამ გვიანი არ არის, სომხეთის ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს.
როგორც ალიევი ამბობს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო ორი წლის განმავლობაში აღდგენილი იყო: ფაშინიანმა მას უთხრა, რომ მძიმე შიდა სიტუაცია აქვს, ყველა მხრიდან ზეწოლას განიცდის და საკითხის გადასაჭრელად დრო სჭირდება, რაზეც ალიევი დათანხმდა, ერთი წლის შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია, ხოლო დღეს აზერბაიჯანს შვიდ პირობას უყენებს.
„ვინ ხარ, რომ პირობებს გვიყენებდე?!“ - მიმართა ალიევმა სომხეთის ხელისუფლებას.
მისი ინფორმციით, ბოლო პერიოდში, სატელეფონო საუბრებისას ზოგიერთ შემთხვევაში ეკითხებიან, ბაქოს რა პირობები აქვს.
„დატოვონ ჩვენი მიწები და დაპირისპირება გაჩერდება. ოღონდ არა სიტყვით, არამედ საქმით. თქვას, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტრიტორიულ მთლიანობას, როგორც ეს განმტკიცებულია ფუძემდებლური პრინციპებით. აზერბაიჯანელ ხალხს პატიება თხოვოს და თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთი არ არის. ბოლო პირობაა, მოგვცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკი. მაშინ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას ალიევმა ისიც თქვა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) და ევროკავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ უთხრა, რომ სომხეთზე ზეწოლა და სანქციები იყო აუცილებელი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად გათავხედდებოდა.
ალიევი ირწმუნება, რომ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურდა, მაგრამ არ დაუჯერეს და ჩათვალეს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი და პრეზიდენტი ამას შეეგუებოდნენ.
ილჰამ ალიევის თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა აზერბაიჯანს უსამართლოდ ადანაშაულებს კონფლიქტის გაღვივებაში და მათ მოუწოდებს, "სარკეში ჩაიხედონ".
„მთიანი ყარაბაღი ჩვენი მიწაა. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, ვბრუნდებით და დავბრუნდებით“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. სხვადასხვა მონაცემებით, კონფლიქტს ათობით ან ასობით ადამიანი ემსხვერპლა.