უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო შენაერთებს განათავსებს

რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო შენაერთებს განათავსებს, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრი ჩერნიაკი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ასევე ამაგრებს ხერსონის ოლქის ტერიტორიას და ნაწილებს.

„ისინი (რუსეთი) მარცხდებიან. ამიტომ ქმნიან თავდაცვით სტრუქტურებს“.

ჩერნიაკმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები ამჟამად „ყველა ღონეს ხმარობენ“ ყირიმის ე.წ. სახმელეთო დერეფნის შესანარჩუნებლად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების გავლით ქვეყნის სამხრეთით.

„მათი მიზანი იყო დონეცკის ოლქის, აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავება, ასევე, უკრაინის შავი ზღვისგან მოკვეთა. უკრაინა დაარტყამს რუსეთის პოზიციებს მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ჩერნიაკმა.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინა გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს სამხედრო ძალისა და დიპლომატიის კომბინაციით.