შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყებაში ამბობენ, რომ საქმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის.
მანამდე, რუსთავი2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილსა და „უცნობის“ სიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად.
არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.