ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე უფროსი მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა.

სპიკერ ნედ პრაისის თქმით, გადაწყვეტილება ძალაშია 5 იანვრიდან.

მისი თქმით, ელჩი რიკერის მუშაობა დაეხმარა სტრუქტურირებული პროცესის მშენებლობას, რათა პრობლემურ რეგიონში მშვიდობა მოეტანა.

„მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებაში, ისევე როგორც ჩვენს მიზანს - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. გასული წლის აგვისტოში ელჩი რიკერის დანიშვნის დაწყებიდან, მოსალოდნელი იყო, რომ ის ამ თანამდებობაზე მოკლე ვადით, გასული წლის ბოლომდე იმუშავებდა.

ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი გასული წლის აგვისტოში დანიშნა.


Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

„ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს.

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, საქართველო საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.