საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას, სოციალურ ქსელებშიც ხშირად ნახავთ თანამედროვე ტიპის მიშენებებით გარშემორტყმულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე არც თუ ისე ხარისხიანად რესტავრირებულ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს; რომ აღარაფერი ვთქვათ კერძო პირების მიერ კეთილი ნების ნიშნად რესტავრირებულ უძველეს ტაძრებზე.
თუმცა ხშირად, კრიტიკის საგანია სახელმწიფოს მიერ ტენდერში შერჩეული კომპანიების მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი, რაც გელათის ტაძრის მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა - სარესტავრაციო სამუშაოს დასრულებიდან ერთ თვეში ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა. შემსრულებელმა კომპანიამ ხარვეზის გამოსწორებაც ვერ შეძლო. კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯარიმა და სხვა კომპანიით ჩაანაცვლა, თუმცა დაზიანებული მხატვრობის ნაწილის აღდგენა ვეღარ მოხერხდება.
რატომ გახშირდა ისტორიული ძეგლების თვითნებური რესტავრაცია, რა არის სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოს არაკვალიფიციურად შესრულბის მიზეზი ? - ამ საკითხებზე Europetime ისტორიკოსს ბუბა კუდავას ესაუბრა.
_ ბატონო ბუბა, თვითნებური რესტავრაციის შემთხვევაში, თქვენი აზრით, ძირითადი პრობლემა საიდან მოდის? არასათანადო მონიტორინგის, საკანონმდებლო ხარვეზებისა და შესაბამისი უწყებების არასათანადო რეაგირების შედეგია, თუ უფრო ფართო მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე?
ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეისათვის არ გაგვაჩნია ამ სიმდიდრის მოვლის შესაფერისი შესაძლებლობები, დაფინანსება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და სამოქალაქო განათლება. მიუხედავად განხორციელებული უამრავი სარესტავრაციო პროექტისა, ვერც იმას ვხედავ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა რეალურად იყოს ხელისუფლების პრიორიტეტი.
ძალიან გახშირდა თვითნებური რესტავრაციის შემთხვევები - სასულიერო პირთა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ასეთ შემთხვევებში სარესტავრაციო სამუშაო არ უთანხმდება არც სახელმწიფო უწყებებს და არც საპატრიარქოში არსებულ შესაბამის საბჭოს. ამის აღსაკვეთად საჭიროა ძლიერი სამონიტორინგე ჯგუფების არსებობა მუნიციპალურ დონეზე, ცხადია - მჭიდრო კოორდინაციით ცენტრალურ უწყებასთან.
ხანდახან პრობლემური გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს ხარისხიც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს შედარებით კვალიფიციურად ტარდება რესტავრაცია, ვიდრე თვითნებური სამუშაოს დროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კითხვებს ბადებს უშუალო შემსრულებელი კომპანიის გამოცდილება. ვფიქრობ, საჭიროა სატენდერო პირობებისა და შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა, აგრეთვე ქმედითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და განხორციელება.
უკვე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოს შემთხვევებში, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ სჯობს დროებით არ აღვადგინოთ და მოვიცადოთ, ვიდრე საკმარისი საკადრო რესურსი არ გვექნება (ეს ცხადია, არ ეხება გადაუდებელ სამუშაოს), ეს დრო და ფინანსები კი ახალი თაობის მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, აგრეთვე უცხოელი სპეციალისტებისაგან გამოცდილების მიღების პროცესს დავუთმოთ.
ჩემი დაკვირვებით, დღეს ქვეყანას არ ჰყავს იმ რაოდენობით კვალიფიციური კადრები და კომპანიები, რა მასშტაბითაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
-რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული იერსახის დარღვევის შემთხვევებზე?
-ძალიან მნიშვნელოვანია დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების და საზოგადოების რეაქცია იყოს მკვეთრი. ხშირად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზედმეტად გვზღუდავს დელიკატური მომენტები, ვინ კოლეგებისა თუ სასულიერო პირების კრიტიკას ერიდება, ვინ - ხელისუფლებისას, სხვა ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტს უწევს ანგარიშს და შედეგად, ვაჩუმათებთ ისტორიული ძეგლების იერსახის დარღვევის შემთხვევებს, ან არასათანადო რეაქცია გვაქვს.
არადა, სრულიად ნათელია: რაც უფრო დროული, ჯანსაღი და კონსტრუქციული რეაქცია გვექნება, მით უკეთესი სახელმწიფოსთვისაც და ეკლესიისთვისაც. თუკი რომელიმე კომპანიამ, სპეციალისტმა, სახელმწიფო მოხელემ, ადგილობრივმა მოსახლემ თუ სასულიერო პირმა კანონი ან სარესტავრაციო პრინციპები დაარღია, ამას მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. რაც უფრო მკვეთრი გახდება სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხი, მით უფრო ფრთხილი გახდება ისტორიულ ძეგლებთან მიდგომებიც.
- ხშირად განხილვის მიზეზი ხდება ისტორიული ძეგლების თუნდაც მონასტრების ფერადი სახურავებით გადახურვა. მკვეთრი ფერის სახურავები რამდენად შეესაბამება ისტორიულ კონტექსტს? რამდენად არღვევეს სიძველის განცდას და ისტორიული კონტექსტიდან ამოვრდნილის შთაბედჭდილებას ხომ არ ტოვებს?
- არის ხოლმე სახურავების ფერზე საუაბრი, თუმცა შუა საუკუნეებში ჩვენი წინაპრები მკვეთრი ფერის კრამიტებსაც იყენებდნენ. იყო სახურავების „აჭრელების“ შემთხვევებიც. მაგალითად, იშხანსა და ხახულში ფერადი სახურავების კვალი დღემდეა შემორჩენილი. პრობლემა თავისთავად სიჭრელე კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენად ავთენტურია მასალა და რამდენად ესთეტურია მიღებული შედეგი.
_ გამოსავალს რაში ხედავთ? როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი და უკვე დარღვეულის გამსწორების შესაძლებლობა თუ არსებობს?
_ რამდენიმე გამოსავალს ვხედავ. პირველ რიგში, დიდი ძალისხმევა და თანხებია საჭირო პროფესიული განათლებისთვის. ისეთი მდიდარი მემკვიდრეობის პატრონები ვართ, რომ არ გვაქვს უფლება, არ იყოს ჩვენში პრიორიტეტული სარესტავრაციო მიმართულება - როგორ თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ამ დარგს არ აქვს სათანადო დაფინანსება, არ გვაქვს ძლიერი ლაბორატორიები და თანამედროვე აპარატურა, არ არის მჭიდრო ურთიერთობა უცხოეთის სარესტავრაციო ცენტრებთან და კოლეგებთან, ვერ თუ არ ვგზავნით ჩვენს სტუდენტებსა და რესტავრატორებს სასწავლებლად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ, ცნობილ სარევსტავრაციო ცენტრებში. ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ გვჭირდება მეტი და ა ხალი კვალიფიციური კადრი, რომელთა ადგილზე მომზადება დიდი ძალისხმევისა და შესაბამისი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნება.
-იუნესკო რამდენად ერთვება მსგავსი ტიპის პროგრამებში? არსებობს თუ არა მათგან თანხების მობილიზების შესაძლებლობა?
- ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება არ იქნება საკმარისი. არსებობს არაერთი საერთაშორისო ფონდი, ორგანიზაცია და პროგრამა, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია როგორც ცალკეული სარესტავრაციო პროექტების განხორციელება, ისე ქართველი სპეციალისტების მომზადება / გადამზადება. ამასაც მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება.
ცალკე პრობლემაა სამოქალაქო განათლება. ხშირად ძეგლი ზიანდება არასაკმარისი ცოდნისა და გამოუცდელობის გამო. ამ მხრივაც საჭიროა შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტები. უნდა შეიქმნას თემატური პროგრამები, ვიდეორგოლები, შესაბამისი გამოცემები.