ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის 36 საათიანი რეჟიმი ამოქმედდეს.
ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე ნათქვამია, რომ კრემლი კიევს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.