ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ წინა ადმინისტრაციამ ახალი შეზღუდვები დაუწესა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ ზომების მიმოხილვას განვახორციელებთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯენ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის ევროპელ პარტნიორებთან განხილვას განაგრძობს.

ცნობისთვის, 19 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა კომპანია „КВТ-Рус“-ს, რომელიც „ფორტუნას“ მფლობელია, კომპანია „რუსტანკერს“, ასევე ტანკერებს „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 2012 წლიდან ამოქმედდა. მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.