New York Times: რუსეთს 2022 წლის ბიუჯეტში $47 მილიარდის დეფიციტი აქვს

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთს 2022 წლის ბიუჯეტში $47 მილიარდის დეფიციტი აქვს.

The New York Times-მა რუსეთის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბიუჯეტის სხვაობამ 2022 წელს 3,3 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც რუსეთის ეკონომიკის 2,3 პროცენტს შეადგენს.

„რუსეთის შემოსავალი 2022 წელს, 2,8 ტრილიონი რუბლით ანუ 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო სწრაფად მზარდი ხარჯების დასაფარად, რომლებიც 6,4 ტრილიონი რუბლით, ანუ 92 მილიარდი დოლარით გაიზარდა“, - აცხადებენ ოფიციალური პირები The New York Times-ის ცნობით. 

რუსეთის მთავრობას არ გამოუქვეყნებია 2022 წლის ხარჯების დეტალური აღწერა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ხარჯების ზრდის ძირითადი ნაწილი შესაძლოა, სამხედრო ხარჯების გაზრდას მიეწეროს.